28 სექტემბერი 2024,   05:32
ვრცლად
რელიგიის სააგენტომ საქართველოში არსებული ყველა რელიგიური ორგანიზაციის საკულტო ნაგებობებს თავი ერთ წიგნში მოუყარა - ფოტო-ალბომი, რომლის შექმნაზეც ათობით ადამიანი მუშაობდა, 800-მდე გვერდს მოიცავს

ოთხწლიანი მუშაობა დასრულებულია - სპეციალური ფოტო-ალბომი, რომელზეც ათობით სპეციალისტი მუშაობდა და რომელშიც საქართველოში არსებული ყველა რელიგიური ორგანიზაციის საკულტო ნაგებობებია აღწერილი, პირველად გამოიცა. საკულტო ნაგებობებს თავი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ერთ წიგნში მოუყარა. ალბომის პრეზენტაცია დღეს შედგა.

ფოტო-ალბომი, რომლის შექმნაზეც ათობით ადამიანი მუშაობდა, 800-მდე გვერდს მოიცავს. წიგნში ასახულია რელიგიური ორგანიზაციების საკულტო ნაგებობები, მათი სახელწოდება, ადგილმდებარეობა, ფოტოსურათები, აშენების თარიღი და სტატუსი. პრეზენტაციას არ დასწრებია კათოლიკოს-პატრიარქი. ღონისძიებაზე ილია მეორეს წერილი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა წაიკითხა.

ალბომისთვის ინფორმაციისა თუ ფოტო-მასალების ძიების პროცესი თითქმის ოთხ წელს გაგრძელდა. წიგნში ასახულია სრულ ინფორმაცია, ყველა რელიგიური გაერთიანების ისტორიული და თანამედროვე საკულტო ნაგებობის შესახებ. გამონაკლისი თბილისი და ოკუპირებული ტერიტორიებია, რადგან ქვეყნის ამ წერტილებში არსებულ კულტურული მნიშვნელობის ნაგებობებზე ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს უკვე გამოცემული აქვს.

ალბომის პრეზენტაციას სინოდის თითქმის სრული შემადგენლობა ესწრებოდა. იყვნენ აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

ქვეყანაში მოქმედი საკულტო ნაგებობების ფოტოალბომი, ამ მასშტაბით, საქართველოში პირველად გამოიცა.

დღის ამბები