28 სექტემბერი 2024,   00:18
ვრცლად
ირლანდიისა და ესპანეთის შემდეგ საბერძნეთი - ქართული მართვის მოწმობები, ბოლო რამდენიმე თვეში, უკვე ევროკავშირის მესამე ქვეყანამ აღიარა

საქართველო-საბერძნეთს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც მართვის მოწმობის გამარტივებული წესით მიღებას გულისხმობს. საბერძნეთში კანონიერად მყოფი ქართველები ბერძნული მართვის მოწმობის მიღებას თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ, ამისთვის კი მხოლოდ ქართული მართვის მოწმობის წარდგენა დასჭირდებათ.

სიახლის შესახებ საზოგადოებამ დღეს შეიტყო - მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება გააფორმა. შეთანხმებას ხელს აწერენ საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი ქრისტოს სტაიკურასი.

საბერძნეთი უკვე მესამე ქვეყანაა, რომელმაც ქართული მართვის მოწმობა აღიარა. ჯერ იყო ირლანდია, შემდეგ კი - ესპანეთის სამეფო. შესაბამისი დოკუმენტები სამივე ქვეყანასთან უკვე გაფორმებულია. გადაწყვეტილება ძალაში ირლანდიაში რამდენიმე თვის წინ შევიდა, ესპანეთში კი, ზუსტად ორ დღეში, 29 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ქართული მართვის მოწმობის ევროპული ქვეყნების მხრიდან აღიარების ფაქტს აფასებენ საკანონმდებლო ორგანოში. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ მიღწეული შეთანხმება საბერძნეთში მცხოვრები ქართველების ემიგრაციაში ყოფნის რთულ გზას გარკვეულწილად შეამსუბუქებს.

მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში უახლოეს მომავალში, მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა.

დღის ამბები