19 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
"მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციასა და შს მინისტრს - აგენტურული ოპოზიციის ექსტრემიზმი წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც საქართველოში წინა დღეებში ჩამოვიდნენ" - მამუკა მდინარაძე

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის. არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს, ამას ბუნებრივია ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის შეფასებით, "აგენტურული ოპოზიცია წახალისებულია უცხოელი პოლიტიკოსების მიერ", რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ გასული დღეების განმავლობაში.

"თქვენ იცით, რომ ერთი ღამის განმავლობაში მათ ეს მოახერხეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით.

ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში წინა დღეების განმავლობაში, წააქეზეს აგენტურა, აქ მაიდნისკენ მოუწოდეს მათ და თავად მშვიდად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცველები ჭავჭავაძის გამზირზე გამთენიისას გამოჩნდნენ. დემონსტრანტებმა დილის 6:00 საათისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე ბარიკადები აღმართეს - ამ მიზნით, მათ ადგილზე ნაგვის ურნები მიიტანეს, მანამდე კი ტერიტორია ქვიშით სავსე ტომრებით ჩახერხეს.

სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოსთან დემონსტრანტებმა კარვები დაყარეს და მათ ცეცხლი წაუკიდეს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ აირწინაღებიც.

ამ დროისთვის, თსუ-ის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან თავისუფალია - სამართალდამცველებმა აიღეს კარვებიც. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს.

იქამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია კონსტრუქციებისგან და პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოეხატათ.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას დაკავებულია 16 პირი - მათგან 3 ხელწერილით გაათავისუფლეს.

დღის ამბები