თურქეთში, საავადმყოფოებში სავარაუდო თაღლითობის სქემის საქმეზე, 47 ადამიანი სასამართლოს წინაშე წარსდგა. გამოძიების თანახმად, მოგების მიღების მიზნით, სამედიცინო პერსონალს ახალშობილები ერთი საავადმყოფოდან მეორეში გადაჰყავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პროკურორების განცხადებით, ექიმები, ექთნები და სასწრაფო დახმარების მძღოლები, სულ მცირე, 10 ბავშვის სიკვდილზე არიან პასუხისმგებლები.
სამედიცინო პერსონალს ბრალად ედება ჩვილებისთვის ცრუ დიაგნოზის დასმა 19 კერძო საავადმყოფოში გადაყვანის მიზნით, სადაც ისინი, სავარაუდოდ, ახალშობილებზე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ატარებდნენ ხანგრძლივ, ზოგჯერ არასაჭირო მკურნალობას.
1400-გვერდიანი საბრალდებო დასკვნის თანახმად, თაღლითური სქემის მონაწილეებმა სოციალური უზრუნველყოფის გადასახადები გაინაწილეს, რომელსაც ბავშვების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებისთვის ყოველდღიურად იღებდნენ. ბრალდებულები დანაშაულს უარყოფენ.