24 დეკემბერი 2024,   07:38
ვრცლად
"პროტესტი გაგრძელდება, მთავარია, ყველას გააზრებული ჰქონდეს, რომ ეს გრძელვადიანი, ხანგრძლივი წინააღმდეგობის პროცესია, სადაც არ უნდა არსებობდეს სიტყვა დაღლა" - ირაკლი კუპრაძე

ბოლო 6 საათია, მშვიდი ვითარებაა მელიქიშვილის გამზირზე. სურათი უცვლელია - პოლიცია და დემონსტრანტები ერთმანეთის პირისპირ დგანან. გზა გადაკეტილია. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.

"რამხელა აბსურდში გაეხვა თვითონ "ქართული ოცნება" და მათი პოლიცია. თვითონ დაკეტეს მელიქიშვილი. ჩვენმა ე.წ. მობილურმა პროტესტმა თავისი შედეგი უკვე აჩვენა, ზუსტად 150-200 მეტრის იქეთ ვიდექით, რა უნდოდათ, რას გვარბევდნენ? ეს არის სწორი ტაქტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს და აუცილებლად გავიმარჯვებთ, კიდევ ბევრი ჩანაფიქრი გვაქვს", - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციის თქმით, გეგმა არის ხანგრძლივი და გრძელვადიანი პროტესტი, რომლის დროსაც სიტყვა "დაღლა" არ უნდა არსებობდეს.

"ეს პროტესტი გაგრძელდება. მთავარია, ყველას გააზრებული ჰქონდეს, რომ ეს არის გრძელვადიანი, ხანგრძლივი წინააღმდეგობის პროცესი, სადაც არ უნდა არსებობდეს სიტყვა დაღლა. უნდა იყოს მხოლოდ ბრძოლისუნარიანი წინააღმდეგობა. ჩაწიკწიკებული გეგმა ვერ და არ იარსებებს მაშინ, როდესაც გადაწყვეტილი გაქვს, რომ იდგე ერთ კონკრეტულ ადგილას და აპროტესტებდე, ხელისუფლება არ გაძლევს შესაძლებლობას, გდევნის იმ ადგილიდან. ამიტომ, გეგმები ყოველთვის იცვლება სპონტანურად, სპონტანურად ვიღებთ კოორდინაციით გადაწყვეტილებებს და სპონტანურადვე ვაცხადებთ. ამიტომ გეგმა იქნება მუდმივად განახლებული", - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები