24 დეკემბერი 2024,   07:29
ვრცლად
"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მოლოდინი არ გვაქვს" - ირაკლი კუპრაძე პრეზიდენტის სარჩელზე

პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია - სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს, დავობს, რომ 26 ოქტომბერს დაირღვა არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპი. მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებაში, სამ დღეში გახდება ცნობილი. განხილვის დასაწყებად კი 30-დღიანი ვადაა.

პრეზიდენტის ხედვებს სრულად იზიარებს ოპოზიცია, თუმცა, მათი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ.

"ჩვენ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას ამ პროცესს, თუმცა მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან არ გვაქვს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგების გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში მნიშვნელოვანი პროცესია ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ უნდა ესმოდეს ჩვენს მოქალაქეებს, ყველა შესაძლოა კანონისმიერი გზა იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლა იყოს სრულყოფილი და, მათ შორის, ეს იძლევა შესაძლებლობას საერთაშორისო ველზე გაგრძელდეს საერთაშორისო დავა," - აღნიშნა "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, "საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ის ადგილი, სადაც ადამიანისა და კონკრეტულად კონსტიტუციის დაცვა ხდება".

"რომ გითხრათ, სასამართლოს დიდი ნდობა მაქვს, არ მაქვს. კანონის უზენაესობის მიმართ ჩემი ნდობა არის ძალიან დაბალი ხარისხის. ამიტომ შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ის ადგილი, სადაც ადამიანის და კონკრეტულად კონსტიტუციის დაცვა ხდება. ჩვენ მსგავსი მაგალითები ვიხილეთ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები