23 ნოემბერი 2024,   16:15
ვრცლად
"ჩვენი გუნდი ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს... კონკრეტულად როგორ გავაკეთებთ ამას, ეს მხოლოდ ჩვენი გუნდის გადასაწყვეტია" - ანა ბუჩუკური

მოითხოვს თუ არა ოპოზიცია ოფიციალურად მანდატების გაუქმებას - უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლების ოპონენტები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, პირველ სხდომას არ დაესწრებიან, თუმცა რა იქნება სამომავლოდ, ამაზე აზრები გაყოფილია.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მისი გუნდი პარლამენტში შესვლას არ აპირებს, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, ამას თავად გადაწყვეტენ.

"რა არის ბუნდოვანი იმაში, რომ ჩვენი გუნდი იყო პირველი, რომელმაც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს. დანარჩენი - კონკრეტულად რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, როგორ გავაკეთებთ ამას და ა.შ. ეს არის მხოლოდ ჩვენი გუნდის გადასაწყვეტი - არა "ნაციონალური მოძრაობის" და არა "ოცნების". ჩვენ არ ვექვემდებარებით არც ე.წ. ბულინგს და ზეწოლას, ჩვენთვის მთავარია მიზანი," - აცხადებს ბუჩუკური.

"ლელოს" წევრი, ლანა გალდავა კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მანდატების გაუქმებისა და სიების ჩახსნის შესახებ განცხადებები პარლამენტში ერთდროულად შეიტანონ.

"ინიციატივები არის ბრძოლის გაგრძელება, მათ შორის, ქუჩის პროტესტების სახით და ამავდროულად, ერთ დღეს, ერთდროულად, იმ განცხადებების შეტანა საქართველოს პარლამენტში, რაც ნიშნავს მანდატებზე უარის თქმას და სიის ჩახსნას. ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ერთდროულად.
აუცილებელია, ჯერ იყოს მოწვეული პირველი სხდომა და ამის შემდგომ მოხდეს - სამართლებრივად ეს არის სწორი გზა. გახარიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უნდა შეეკითხოთ უშუალოდ მას და მის გუნდს," - აცხადებს ლანა გალდავა.

დღის ამბები