საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს სამების ტაძრის მშენებლობის 20 წლის თავი და გიორგობა მიულოცა.
მან აღნიშნა, რომ სამების ტაძრის მშენებლობის პროცესში ბიძინა ივანიშვილის როლი გადამწყვეტი იყო.
"დღეს გავიდა ზუსტად 20 წელი კურთხევიდან წმინდა სამების საკათედრო ტაძრისა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. მინდა, თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო წმინდა გიორგობაც, ამ ტაძრის კურთხევის 20 წლისთავიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს,
მადლობა ვუთხრათ უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, ურთულეს ათწლეულებში, მოგვივლინა ასეთი ბრძენი და სულიერი საჭეთმპყრობელი.
ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულება გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის მონაწილეობამაც, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ტაძრის მშენებლობის საქმეში," - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.