23 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოს პლენარული სხდომა - რა გეგმა აქვს ოპოზიციას მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველ დღეს 

ზუსტად 2 დღეში, საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომათა დარბაზში მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაიწყებს. უკვე გაწერილია დღის წესრიგიც. პრეზიდენტის მხრიდან სხდომის დანიშვნაზე უარის თქმის, საკონსტიტუციო სასამართლოში წაღებული სარჩელებისა და ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, სახელისუფლებო გუნდის ახალი შემადგენლობა 25 ნოემბრისთვის სრულ მზადყოფნაშია.

მზადყოფნაშია ოპოზიციაც - პროტესტი 25 ნოემბერს პარლამენტთან იქნება, თუმცა, ზუსტად რა სახეს მიიღებს აქცია და რა არის გეგმა, ჯერ დაუზუსტებელია. "ნაციონალურ მოძრაობასა" და ახლებში ამბობენ, რომ მთავარი წინააღმდეგობაა. მათგან განსხვავებით, წინასწარ საუბარს არ ერიდება გიორგი გახარიას პარტია, რომელმაც პირველი სხდომის პარალელურად, აქციაზე მისვლისკენ თავის მხარდამჭერებს უკვე მოუწოდა, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ მნიშვნელოვანია პროტესტს მშვიდობიანი ფორმა ჰქონდეს.

ალტერნატიული პარლამენტის ჩამოყალიბება - ასეთია "ძლიერი საქართველოს" გეგმა. ყოფილი ბანკირების პარტია 25 ნოემბერს, საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსებულ აქციასაც უერთდება.

მმართველი გუნდის თქმით, პროტესტის ფონზე თუ მის გარეშე მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, მაინც გაიმართება. სახელისუფლებო პარტია ოპოზიციას ასევე მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. 25 ნოემბერს, "ქართული ოცნება" იმ დეპუტატების უფლებამოსილებასაც ცნობს, რომლებიც ამ დრომდე საპარლამენტო მანდატის მიღებაზე უარს ამბობენ.

სანამ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი თავმჯდომარეს აირჩევს, სხდომას ლადო კახაძე გაუძღვება. უფლებამოსილების ცნობამდე პროცესში ჩართული იქნება ცესკოც, სწორედ გიორგი კალანდარიშვილი გააცნობს პარლამენტს არჩევნების შედეგებს და სამანდატო კომისიას, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტებს გადასცემს. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ კი პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დადებენ.

დღის ამბები