23 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ოპოზიცია მანდატებზე უარის თქმის საერთო სტრატეგიაზე ვერ ჯერდება - მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპონენტები საზოგადოებისთვის მიცემულ სიტყვას გასტეხენ

პარლამენტის პირველ სხდომამდე 2 დღით ადრე, ბარიერგადალახულ სუბიექტებს ერთმანეთის პრინციპულობაში ეჭვი ეპარებათ. ვინ შეცვლის პირველ ჩვენებას? - ნიკა გვარამია აქამდეც მიანიშნებდა, რომ პარლამენტში შესასვლელად უკანა კარი ღია არავის უნდა დაეტოვებინა, ამისათვის კი ყველას მანდატების გაუქმების მოთხოვნით ისეთი განცხადების დაწერისკენაც მოუწოდებდა, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს. ერთსულოვნება მაშინ არ გამოვიდა.

"ახალის" მსგავსად, სიების ჩახსნაზე ცესკოს, ჯერ კიდევ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე დემონსტრაციულად, ტელეკამერების წინ მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა. ორივე სუბიექტი ახლაც ირწმუნება, რომ მზადაა, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა გამოიყენოს.

ოპოზიციის საჯარო დაპირების მიუხედავად, "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული სუბიექტები საკუთარი ამომრჩევლისთვის მიცემულ სიტყვას ადრე თუ გვიან გატეხენ. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციას პარლამენტში შესასვლელად, 2020 წელთან შედარებით, გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება.

"ლელოში" ირწმუნებიან, რომ განცხადებები უკვე გამზადებული აქვთ, თუმცა დანარჩენ 3 სუბიექტს სთავაზობენ - მანდატებზე უარი კოლექტიურად თქვან. გახარიას პარტია კი საერთოდ არ ჩქარობს. ერთობის დემონსტრირება ვერ შედგება - 25 ნომრით შესული დეპუტატები 25 ნოემბრისთვის განცხადებების დაწერას არც მარტო აპირებენ და არც სხვა პარტიებთან ერთად. ექსპრემიერის გუნდში აცხადებენ, რომ ისინი სხვებისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, როდის და რა ფორმით მიმართონ პარლამენტს.

ოპოზიციის განსხვავებული პოზიციები, მმართველი გუნდის შეფასებით, მხოლოდ ფორმალობაა. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები პარლამენტში ერთადაც შევლენ, თუ მათ შესაბამისი მითითება ექნებათ.

ცესკოს ოფიციალური შედეგების მიხედვით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში მანდატები ხუთ პოლიტიკური სუბიექტზე გადანაწილდა: "ქართული ოცნება“ - 89 დეპუტატით, საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს; 19 მანდატი აქვს კოალიციას "ცვლილებებისთვის", 16 - "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას". პარლამენტში 14 წევრის შეყვანა შეძლო "ძლიერმა საქართველომ", ხოლო პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" - 12.

დღის ამბები