29 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
საპროტესტო აქციაზე, მთელი ღამის განმავლობაში, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა - იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა, სხვადასხვა ნივთების სროლა, შეურაცხმყოფელი მოწოდებები

დაახლოებით ღამის 2 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაშლის მოთხოვნით მომიტინგეებს მიმართა. აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დროს ჭიჭინაძის ქუჩაზე იყო, სწორედ იქ, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე განსაკუთრებით დაიძაბა.

იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა. სხვადასხვა ნივთების სროლა. შეურაცხმყოფელი მოწოდებები.

პოლიციის მოწოდების დაუმორჩილებლობას, მალევე ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა. მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. აქციის დაშლა აქაც გაგრძელდა.

წყლის ჭავლთან ერთად, დემონსტრაციის დაშლისთვის, განსაკუთრებულ დავალებათა სპეცრაზმმა მის შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა სპეციალური საშუალებაც გამოიყენა - მათ შორის, ცრემლსადენი გაზის ყუმბარები, წიწაკის სპრეი და აკუსტიკური ხმოვანი სიგნალი.

დაშლას დემონსტრანტების მხრიდან მძაფრი რეაგირება მოჰყვა. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაიწყეს მათი მისამართით სხვადასხვა ნივთების სროლა.

რუსთაველის გამზირზე ამან აქციის მონაწილეთა დაკავება გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით დაკავებულია 43 ადამიანი.

დემონსტრაციის დაშლის პროცესში დაშავდნენ აქციის მონაწილეები, სხვადასხვა ტრავმული დაზიანებებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულთა შორის არიას სამართალდამცველები. ექიმის ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გარდა აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცველებისა, დაშავდნენ სხვადასხვა მედია საშუალებების ჟურნალისტები და ოპერატორები, მათ შორის არიან “კურიერის“ გადამღები ჯგუფები, “ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელსაც დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული, ასვე “რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, დავით ცაგარელი. მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

პროტესტის დროს, მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე მათსა და სამართალდამცველებს შორის ხელოვნური ბარიკადებიც აღმართეს. გამოიყენეს ნაგვის ურნები, რომელსაც გვიან ღამით ცეცხლიც წაუკიდეს.

დააზიანეს ინფრასტრუქტურაც - მოგლეჯილია საგზაო ნიშნები და რკინის ბარიერები. დაზიანებულია ქვაფენილი.

ყველაფერი კი საღამოს რვა საათზე პრემიერ-მინისტრის ბრიფინგის შემდეგ დაიწყო. აქციის მონაწილეებმა შეკრებისთვის სამი ლოკაცია შეარჩიეს - “ქართული ოცნების“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია ორთაჭალაში, ათონელის რეზიდენცია და რუსთაველის გამზირი. საბოლოოდ, ყველამ თავი პარლამენტის წინ მოიყარა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს არაერთხელ მიმართეს ოპოზიციის ლიდერებმა და მათ სახალხო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს.

აქციაზე, მალევე მივიდა პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა ჯერ დემონსტრანტებს, შემდეგ კი სპეციალურ დანაყოფებს მიმართა.

იქამდე, სანამ სამართალდამცველები აქციის დაშლას დაიწყებდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად, რამდენიმე საათის განმავლობაში ავრცელებდა განცხადებებს და მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებდა. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

დღის ამბები