საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით "რადიკალურმა ოპოზიციამ" და მასთან დაკავშირებულმა მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, რაშიც, მისი თქმით, ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი.
მისივე განცხადებით, ელჩების მხრიდან მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში, მთავრობას ექნება შესაბამისი დიპლომატიური რეაგირება.
"ჩვენს გადაწყვეტილებას მოჰყვა დეზინფორმაციული კამპანია, სიცრუის მთავარი გამავრცელებლების, რადიკალური ოპოზიციის, მასთან დაკავშირებული "ენჯეოების" და მასთან დაკავშირებული მედია ორგანიზაციების მხრიდან. მათ საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, ბატონი პაველ ჰერჩინსკიც.
თუმცა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი. ბატონიო პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა.
გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში, ამგვარ ფაქტებზე როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება. საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნას, ამ ეტაპზე, დღის წესრიგში აღარ დააყენებს და მზად არის დამოუკიდებლად შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით აიღო. ამავე განცხადების მიხედვით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვის ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ამ თემასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.