29 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
“როცა მიდგება გაწევრიანებაზე, იკითხავენ - გვაქვს თუ არა შესრულებული ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ის, რომ არ შეჩერებულა ევროინტეგრაციის პროცესი, ამით დასტურდება“-პრემიერი

მოლაპარაკებების გახსნა და კანდიდატის სტატუსი არის ფორმალური მხარე, მას შემდეგ, რაც მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციამაც აღიარა, რომ ეს არის მხოლოდ ფორმალობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ფაქტებით დასტურდება, ვინაიდან 20 წელია, ზოგ ქვეყანას მინიჭებული აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არავითარი წინსვლა არ არის.

“იგივე ეხება მოლაპარაკებების გახსნას. 12 წლის წინ, 2012 წელს გაუხსნეს მონტენეგროს მოლაპარაკებები და დღემდე არავითარი დაჩქარებაც კი არ ყოფილა გაწევრიანების. მკაფიოდ ჩანს, რომ როგორც კანდიდატის სტატუსი, ისე მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური მხარე. პრაქტიკული მხარე არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და მეორე - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. საბოლოო ჯამში, როდესაც საქმე მიდგება ქვეყნის გაწევრიანებაზე, იკითხავენ ზუსტად ამას - გვაქვს თუ არა შესრულებული ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ის, რომ არ შეჩერებულა ევროინტეგრაციის პროცესი, სწორედ ამით დასტურდება. ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად ხელოვნური ბარიერებისა, ვაგრძელებდით ვალდებულებების შესრულებას და მიუხედავად ამ შანტაჟისა და უბედურებისა, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტიდან, მათ შორის აღმასრულებელი ბიუროკრატიიდან და ა.შ. ჩვენ ჯიუტად ვაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებას. ზუსტად ეს ნიშნავს, რომ არ შეჩერებულა ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, გარდა ამისა, ყველა საერთაშორისო ინდექსის და რეიტინგის მიხედვით, საქართველო აბსოლუტურად ყველა პარამეტრით წინ უსწრებს, როგორც მოლდოვას, ისე უკრაინას.

“ცოტა ხნის წინ თვითონ ევროკომისიის შეფასება გამოქვეყნდა. ქულებით აფასებენ ქვეყნებს. მოლდოვასაც ვუსწრებთ და ბოსნიასაც ვუსწრებთ წინ, მაშინ, როდესაც მათ გაუხსნეს მოლაპარაკებები და ჩვენ - არა. აქედან ხომ ჩანს, რომ არის სრული უსამართლობა. თქვენ ხომ იცით, მოლდოვაში რა ხდება, როგორ შეიძლება, მოლდოვას ჰქონდეს გახსნილი მოლაპარაკებები და ჩვენ არა. აქედან ხომ ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არის სრულიად უხეშად უსამართლო დამოკიდებულება. ხომ უნდა გქონდეთ ახსნა, რატომ ხდება ეს, რა ინტერესებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, უსამართლობას ხომ უნდა ჰქონდეს ახსნა. ჩვენ გვახსოვს სხვანაირი ევროპა თავის დროზე, 1949 წლიდან 2008 წლამდე, ვიდრე გარკვეული კრიზისული პროცესები დაიწყებოდა, ევროპა იყო სამართლიანობის სიმბოლო. სად გაქრა ეს სამართლიანობა? რატომ არ არის სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მგონი ეს კითხვები ძალიან ხმამაღლა უნდა დაისვას ქართულ საზოგადოებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები