06 დეკემბერი 2024,   14:45
ვრცლად
როგორ განვითარდა მოვლენები წუხელ ღამე რუსთაველის გამზირზე

ღამის 02:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომიტინგეებს დაშლისკენ რამდენჯერმე მოუწოდა და საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. წყლის ჭავლიც პირველად ამ დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე გამოიყენეს.

სწორედ ჭიჭინაძის ქუჩა იყო, დაძაბულობის მთავარი ეპიცენტრიც. წყლის ჭავლის გამოყენებამდე, იყო მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

მოწოდებას და დაუმორჩილებლობას პოლიციამ სხვადასხვა სპეციალური საშუალების გამოყენებით უპასუხა - წყლის ჭავლის გარდა, ჭიჭინაძის ქუჩაზევე, სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზის ყუმბარები გამოიყენეს.

დემონსტრანტებმა, რომლებიც ამ დროს ჭიჭინაძის ქუჩაზე უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, დაშლის პირველი ეტაპის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც, ასევე, გაგრძელდა საპოლიციო ღონისძიება.

დაშლის დაწყებას აქციის მონაწილეების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა - დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს და ესროდნენ სხვადასხვა სახის ნივთებს - კვერცხებს, საღებავებს და ბოთლებს.

სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების შემდეგ რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების დაკავება დაიწყეს.

პროცესში იყო შელაპარაკებები აქციის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე მყოფ პოლიტიკოსებსა და სამართალდამცველებს შორის.

რუსთაველზე დაშავდნენ აქციის მონაწილეები. მათ სხვადასხვა სახის ტრავმული დაზიანებები მიიღეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში გადაიყვანეს ის სამართალდამცველებიც, რომლებიც ასევე აქციის დროს დაშავდნენ. ექიმების ინფორმაციით, ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს სტაბილურია.

დაშლის პროცესში, რუსთაველზე, მომიტინგეების მხრიდან აღიმართა ხელოვნური ბარიკადებიც - აქციის მონაწილეებმა წყლის ჭავლისგან თავის დაცვის მიზნით მათსა და სამართალდამცველებს შორის ნაგვის ურნები განათავსეს, რომელსაც გვიან ღამით ცეცხლიც წაუკიდეს.

დაშლის პროცესში, რუსთაველზე, მომიტინგეების მხრიდან აღიმართა ხელოვნური ბარიკადებიც - აქციის მონაწილეებმა წყლის ჭავლისგან თავის დაცვის მიზნით მათსა და სამართალდამცველებს შორის ნაგვის ურნები განათავსეს, რომელსაც გვიან ღამით ცეცხლიც წაუკიდეს.

დემონსტრაციის მიმდინარეობისას დაზიანდა ინფრასტრუქტურის ნაწილიც - საგზაო ნიშნები და განათების ყუთი.

ყველაფერი კი საღამოს 18:00 საათზე, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგის შემდეგ დაიწყო. აქციის მონაწილეებმა შეკრებისთვის 3 ლოკაცია შეარჩიეს - "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორია ორთაჭალაში, ათონელის რეზიდენცია და რუსთაველის გამზირი. ყველამ საბოლოოდ თავი პარლამენტის წინ მოიყარა.

იყო გზავნილები ოპოზიციის მხრიდან მოქალაქეების მისამართით. 4-ვე ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც არჩევნებში ბარიერი გადალახა საზოგადოებას სახალხო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა მოითხოვეს.

ოპოზიციის გარდა, რუსთაველზე შეკრებილებს მიმართა სალომე ზურაბიშვილმაც. პრეზიდენტი აქციაზე ათონელის რეზიდენციაში გამართული შეხვედრიდან მივიდა და გარდა დემონსტრანტებისა, ის საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამონაწილეობს გაესაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს. წუხანდელი ღამის შემდეგ დღეს ვრცელი ბრიფინგი გაიმართა გომელაურის უწყებაში, სადაც მინისტრის მოადგილემ ყველას კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

განცხადება გაავრცელა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან, აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს სწავლობს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამოძიება 333-ე მუხლის მესამე ნაწილზე მიმდინარებს და უწყება აქტიურად ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას.

 

 

 

დღის ამბები