"29 ნოემბერს, სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში აგრძელებდნენ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების მონახულებას. აპარატმა სულ 40 პირი მოინახულა და მათგან 11 პირის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა", - განცხადებას ომბუდსმენის ოფისი ავრცელებს.
"დღის მანძილზე, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით 29 პირი მოინახულეს, რომელთაგან დაკავებული იყო 28. ერთ-ერთი დაკავებული მოთავსებულია სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სხვები კი თბილისის იზოლატორებში.
რწმუნებულებმა კლინიკაში მოინახულეს ჟურნალისტი გურამ როგავა. გურამ როგავას განცხადებით, საპროტესტო აქციაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამართალდამცავებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც გონება დაკარგა. გურამ როგავას მიმართ განხორციელებულ ძალადობრივი ქმედებებზე სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
მონახულებული 29 პირიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ 23-მა პირმა მიუთითა (7 პირს არ სურს რეაგირება). მათი უმრავლესობის თქმით, პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა უშუალოდ დაკავების პროცესში განიცადა. ნაწილი მათგანი ასევე მიუთითებდა სამართალდამცავების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. დაკავებულთა ნაწილს ხილულად აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანებები, მაგალითად, ერთ დაკავებულს თავის არეში აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები, სხვა დაკავებულს - სახეზე, მარჯვენა წარბთან აღენიშნებოდა დაზიანება.
დაკავებულთა ნაწილის თქმით, მათი დაკავება ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, რომლებიც დაკავებულებს გადასცემდნენ სხვა თანამშრომლებს, რომლებსაც ასევე არ გააჩნდათ სპეციალური ამოსაცნობი ნიშნები, რის შემდეგაც ხდებოდა მათი გადაცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის. საპატრულო პოლიციას ისინი გადაჰყავდა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც იწყებოდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ დოკუმენტაციის შედგენა. დაკავებულთა ნაწილის განცხადებით, დამკავებლები პირებად უთითებდნენ მცდარ მონაცემებს კერძოდ კი, იმ პოლიციელებს, რომელთა მიერ მათი უშუალო დაკავება არ განხორციელებულა.
სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს საპროტესტო აქციაზე მოქალაქეთა დაკავებისას ხსენებულ მავნე პრაქტიკაზე, რაც ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და სასამართლოების შეცდომაში შეყვანის საფუძველს ქმნის.
სახალხო დამცველის აპარატი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას უფლებამოსილი უწყებების ინფორმირებისა და გამოძიების შემდგომი მონიტორინგის განხორციელების გზით", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.