რუსულმა ძალებმა უკრაინაში კიდევ სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს - ჟოვტე, პუსტინკა და როზდოლნე. გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 170 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, უკრაინაში ომი ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ დაასრულოს იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს.
ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ომის ცხელი ფაზის დასასრულებლად საჭიროა, რომ უკრაინას ნატო-ს წევრობა მისი არაოკუპირებული ტერიტორიების მასშტაბით შესთავაზონ, რამდენადაც ნატო-ს მიწვევა თავისთავად გულისხმობს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცნობას.
პარალელურად, ცვლილებებია უკრაინის თავდაცვის ძალებში. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
"გადავწყვიტეთ, რომ დროა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაური ჩავანაცვლოთ. ახალ მეთაურად გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატიი დაინიშნა. ასევე, ახალი მეთაურის მოადგილედ დანიშნულია პოლკოვნიკი ოლეგ აპოსტოლი. ორივე ძალიან გამოცდილი მებრძოლია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალები ჩვენი ჯარის ხერხემალია, და ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად ფუნქციონირებს სახმელეთო ძალების სტრუქტურა, ისევე, როგორც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები. საჭიროა ცვლილებები - ცვლილებები პერსონალის მენეჯმენტში, რომელიც უზრუნველყოფს უკეთეს შედეგებს ბრძოლის ველზე. დანიშნულია ასევე პოლკოვნიკი პაველ პალასა ოფისის უფროსის მოადგილედ", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.