სირიელი მეამბოხეები ალეპოში იერიშით შევიდნენ. საბრძოლო შეტაკებებში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, 255 ადამიანი დაიღუპა. მეამბოხე ძალები ასადის სამთავრობო ძალებს უპირისპირდებიან, რომელთაც, თავის მხრივ, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერა აქვთ.
საბრძოლო მოქმედებები ოთხშაბათს ისლამისტური დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყო. მათ შეუერთდნენ თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხე ძალები, რომლებიც საკუთარ თავს სირიის ეროვნულ არმიას უწოდებენ.
ალეპოში შესვლამდე მეამბოხე ძალებმა 50-ზე მეტ დასახლებაზე მოიპოვეს კონტროლი. გაერო-ს ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში 27 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. 14 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.