08 დეკემბერი 2024,   07:08
ვრცლად
დაპირისპირება, შეურაცხმყოფელი შეძახილები და შეტაკებები - როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი ღამის განმავლობაში

გვიან ღამით, 12:00 საათზე, მაშინ როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირიდან ჭიჭინაძის ქუჩაზე იყო თავმოყრილი, დაშლისკენ მოწოდების შემდეგ, სამართალდამცველებმა საპოლიციო ღონისძიება დაიწყეს.

წყლის ჭავლიც პირველად სწორედ აქ, ორი წერტილიდან გამოიყენეს - ჯერ პარლამენტის ეზოდან, შემდეგ კი, წყლის ჭავლის მანქანა უკვე ჭიჭინაძის ქუჩაზე გამოჩნდა.

საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს გვერდით შესასვლელთან მივიდნენ და კარის ჯაჯგური დაიწყეს, რასაც შიდა ეზოდან სამართალდამცველებმა წყლის ჭავლით უპასუხეს. დემონსტრანტებმა ადგილზე ნაგვის ურნები განათავსეს.

საპოლიციო ღონისძიების პარალელურად, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. ამ დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
რუსთაველზე სიტუაცია დაიძაბა. პოლიცია ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში ჩადგა.

დაშლის დაწყებას აქციის მონაწილეების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა - დემონსტრანტებმა სამართალდამცველების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და სხვადასხვა ნივთის სროლა დაიწყეს. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ რუსთაველის გამზირის მიწისქვეშა გადასასვლელში, სავარაუდოდ, მოლოტოვის კოქტეილები მზადდებოდა.

აქციამ სრულად რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. საპოლიციო ღონისძიება იქაც გაგრძელდა, გაგრძელდა დაკავებებიც.

დემონსტრანტებმა მათსა და სამართალდამცველებს შორის ხელოვნური ბარიკადები აღმართეს. ბარიკადები დაბრკოლება არ აღმოჩნდა, წყლის ჭავლით მოქალაქეთა დაშლა გაგრძელდა.

დაკავებების პროცესში დაშავდნენ აქციის მონაწილეები. დაშავებულთა შორის იყვნენ სამართალდამცველებიც. უწყების ინფორმაციით, მათი რიცხვი 10-ს უტოლდება.

მთელი ღამის განმავლობაში, გამთენიამდე მიმდინარეობდა როგორც საპოლიციო ღონისძიება, ასევე დაკავებები. ყველაფერი კი საღამოს 7:00 საათზე დაიწყო.

რუსთაველზე მოქალაქეები უკვე მეორედ შეიკრიბნენ. ადგილზე იყვნენ პოლიტიკოსებიც.

გუშინ დემონსტრაციისას, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული მუხლით 107 პირი დააკავეს.

დღის ამბები