06 დეკემბერი 2024,   15:35
ვრცლად
აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების ნაწილმა კლინიკა დატოვა, ნაწილი კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების ნაწილი კლინიკაში რჩება. გურამ როგავას, რომელსაც პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, სახის ძვლებისა და კისრის მალის რკალის მოტეხილობა აქვს. ის თავისა და სახის არეში მიყენებული დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების დროს დაშავდა "TV პირველის" ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. მას ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს. გაფრინდაშვილმა კლინიკა უკვე დატოვა.

აქციაზე დაშავდნენ "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი და ოპერატორები - ანი ხოშტარია, ნიკა ურუშაძე და ირაკლი ფოცხიშვილი.

"კლინიკაში ამ მომენტისთვის რჩება სამი პაციენტი, სამივე არის ჟურნალისტი. გერმანელი ჟურნალისტი დარჩება სავარაუდოდ, სამშაბათამდე, მას სჭირდება მეთვალყურეობა, მას ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა. გურამ როგავა დარჩება ორშაბათამდე მეთვალყურეობის ქვეშ. მარიამ გაფრინდაშვილმა დატოვა კლინიკა, მას ესაჭიროება მოსვენებითი რეჟიმი შემდეგი დღეების განმავლობაში, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აცხადებს ექიმი, ნინო ხარაიშვილი.

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი, გურამ როგავა მომხდარი ინციდენტის შესახებ ჰყვება.

"რაღაც მომენტში იქ რაღაცამ იფეთქა და რადგან არც ჩაფხუტი და არცაირწინაღი არ მქონდა, სახეზე ინსტინქტურად ავიფარე ხელი, რომ თავი დამეცვა. ოდნავ ზურგით შევტრიალდი და მერე, რასაც ვუყურებ კადრებში, ეს ადამიანი უკნიდან მარტყამს. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ მოპარვით, უკნიდან სპეცრაზმელი თავს დამესხმებოდა", - ამბობს გურამ როგავა.

დაშავებულთა შორისაა ინტერნეტ გამოცემა "პუბლიკის" ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც ასევე დღეს გაწერეს.

"გამოცვივდნენ ნიღბიანი პირები, როგორც მივხვდი, მოქალაქეების დასაკავებლად. მეც ვიყავი სხვა ჟურნალისტებთან ერთად, უბრალოდ, ცოტა დაბლა ვიდექი და უცებ ვიღაცამ შემითრია და წამებში ნიღბიანი პირების ალყაში აღმოვჩნდი და დამიწყეს ცემა, ძირითადად - სახის არეში," - აცხადებს ალექსანდრე ქეშელაშვილი.

 

დღის ამბები