საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები ტელეარხზე პირდაპირ ეთერს ითხოვენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას. შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს არის ხალხის ტელევიზია და ხალხის ხმა უნდა ისმოდეს.
აქციის მონაწილეებთან ცოტა ხნის წინ არხის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გავიდა. არხის გენერალურმა დირექტორმა პირადად მოისმინა აქციის მონაწილეების მოთხოვნები და თქვა, რომ პრობლემურს ვერ ხედავს და მათ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე პირდაპირი ეთერი დაეთმობათ.
"პირველ რიგში, ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლებას ჩვენ ვცემთ პატივს, ასევე, თქვენც მინდა პატივი სცეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მუშაობას. არ ყოფილა აქცია, რომელიც არ გაგვიშუქებია. რა მოთხოვნებიც თქვენ წაიკითხეთ, ჩვენ ამ მოთხოვნებში არანაირ პრობლემას არ ვხედავთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სატელევიზიო ფორმატი. როგორც კი დაიწყო მიტინგი, იმ წუთიდან ვართ ეთერში. თქვენ გნებავთ ეთერში მოსვლა, ხომ ასეა? უნდა დავგეგმოთ ეთერი, პრაიმ ტაიმში როდესაც დავგეგმავთ ეთერს, მობრძანდით", - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.