დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ.
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი.
"მაშინ,როდესაც პოლიცია ამბობს, რომ მათ შეაგინეს, ან ესროლეს წყლის ბოთლი, ან თვალებში მიანათეს და ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ პოლიციამ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები და ძალადობრივად დაარბიოს არა პროვოცირებული, არაფრით გამოწვეულიეს ძალადობა, აბსოლუტურად მიუღებელი, უკანონო და არაპროპორციულია.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ თითოეული დაკავებული და უნდა მივაღწიოთ მათ განთავისუფლებას, ვისაც ვერ პოულობენ ოჯახის წევრები ყველას უნდა დავეხმაროთ. დაშავებულებს უნდა გავუწიოთ დახმარება, ეს თითოეული ჩვენგანი ვალია, ამის შემდგომ, ყველაფერი უნდა გავაკეტოთ იმისთვის, რომ ნიღაბი ჩამოვხსნათ იმ პოლიციელებს, რომლის იდენტიფიცირებასაც ვერ ვახდენთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
"ძლიერი საქართველოს" წევრის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ბოლო დღეებში, დედაქალაქში განვითარებული მოვლენები ქართველი ხალხის პროტესტის გამოხატულებაა, სადაც ოპოზიცია, როგორც ამ საზოგადოების რიგით ნაწილი ისე არის წარმოდგენილი.
"ეს არის საქართველოს ხალხის პროტესტი, სადაც ოპოზიციონერები ვართ, როგორც ამ ერის, ამ საზოგადოების ნაწილები. ჩვენ ყოველთვის იქ ვართ, ყოველთვის ვართ იმ საერთო, ამბისა და პასუხისმგებლობის თანაზიარნი, რაც რუსთაველზე არის. ჩვენ ვართ ჩვენი ხალხის გვერდით, მაგრამ ეს არ არის ოპოზიციის მიერ ორგანიზებული პროცესი. საზოგადოებას სჭირდება ოპოზიცია, როგორც კონკრეტული ნების გამტარი", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.