04 დეკემბერი 2024,   23:37
ვრცლად
აქციაზე დაკავებულთა ნაწილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი - ომბუდსმენი არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობს, შსს-ს განცხადებით კი, მომიტინგეებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ჯამში 107 პირია დაკავებული. რა გახდა ათობით ადამიანის დაპატიმრების საფუძველი? კითხვას დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის 8 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. მათ სახელმწიფო საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთეს. ბრიფინგის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კადრებიც, რომელიც უწყების ინფორმაციით, კონკრეტულ სამართალდარღვევებს ასახავს. მათ შორის საუბარია პოლიციელებზე თავდასხმისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტებზე.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის 8 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. მათ სახელმწიფო საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთეს.

გასულ ღამეს დაკავებულები იზოლატორში დღეს სახალხო დამცველმა მოინახულა. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მათ უმეტესობას ფიზიკური ძალადობის კვალი და სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

ძალადობაზე საუბრობენ ადვოკატებიც, რომლებმაც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულეს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ აქციის რამდენიმე მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულებს დაზიანებები მიაყენეს, როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე იზოლატორში გადაყვანის მომენტში.

დაშავებულთა შორის არიან პოლიციელებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს 42 პოლიციელი დაშავდა. უწყების ინფორმაციით, ისინი აქციიდან სხვადასხვა დაზიანებით, მათ შორის, დამწვრობებითა და მოტეხილობებით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

სასამართლოში დღეს იმ იმ პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა დაიწყო, რომლებიც 28 ნოემბერს განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს. მათ ნაწილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. პროცესების ნაწილი კი ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები