08 დეკემბერი 2024,   04:07
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობას კვლავ მოვუწოდებთ დაუბრუნდეს თავის ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებში გამოვლენილი ყველა დარღვევა და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: 

"ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეწინააღმდეგება ქართული ხალხისთვის კონსტიტუციით გარანტირებულ პირობას, რომელიც სრულ ინტეგრაციას ითვალისწინებს ევროკავშირსა და ნატოში. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობაზე და საქართველო უფრო დაუცველი გახადა კრემლის ზეწოლის მიმართ.

ქართველი ხალხის უმრავლესობა ევროპასთან ინტეგრაციას უჭერს მხარს. ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას, რაც მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებების გამოყენების მცდელობისას დემონსტრანტების მიმართ მოხდა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყოს, რომ პროტესტი მშვიდობიანად წარიმართოს.

"ქართული ოცნების" არადემოკრატიული ქმედებები ეწინააღმდეგება აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირეულ პრინციპებს, რომლებიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის, ასევე ანტიკორუფციული ძალისხმევის მიმართ. ამის შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა.
ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაბრუნდეს ევროატლანტიკურ გზაზე, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა დარღვევა საპარლამენტო არჩევნებში და გააუქმოს არადემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას", - წერია განცხადებაში.

დღის ამბები