01 დეკემბერი 2024,   03:02
ვრცლად
საქართველოს საპატრიარქო ქაშუეთის ტაძრის დაკეტვაზე: "ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ნარატივი სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია"

ქაშუეთის ეკლესიის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. 29 და 30 ნოემბერს, მთელი ღამის განმავლობაში, დილის 6 საათამდე, ტაძარში იმყოფებოდნენ სასულიერო პირები და მოქალაქეებს ტაძარში შესვლის საშუალება ჰქონდათ.

"მთელი დღის განმავლობაში სოციალური ქსელებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს 29 და 30 ნოემბერს, ღამით, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დაკეტილი იყო და აქციის მონაწილეებს იქ შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. გარკვეული პირები ასევე ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს მავან სასულიერო პირებს სურდათ ტაძარში დაზარალებული ხალხის შეყვანა, მაგრამ უცნობი იერარქები აიძულებდნენ, კარის დაკეტვას და მოქალაქეების ტაძრიდან გამოყრას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ნარატივი სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

მეტიც, 29 და 30 ნოემბერს, მთელი ღამის განმავლობაში, დილის 6 საათამდე, ტაძარში იმყოფებოდნენ სასულიერო პირები და მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ტაძარში შესვლისა, ამ ფაქტის დამადასტურებელი კი უამრავი მასალა არსებობს.

აქვე დავძენთ, რომ ქაშუეთის ტაძარი ამჟამადაც ღიაა ნებისმიერი მოქალაქისათვის, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა; ტაძარში ასევე იმყოფებიან სასულიერო პირები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან თანამემამულეებს.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული განცხადებებისგან და ეკლესიის დისკრედიტაციისათვის ნუ მიმართავენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.

უფალმა დაიცვას და მოანიჭოს ჩვენს ერს მშვიდობა!" - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები