01 დეკემბერი 2024,   16:38
ვრცლად
როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციაზე

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება ღამის 23:00 საათიდან დაიძაბა. მანამდე საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ სამუშაო ოთახში პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის ფანჯრები ჩაამტვრიეს და პიროტექნიკა ესროლეს.

აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა პარლამენტის გვერდითა შესასვლელიდან საკანონმდებლო ეზოშიც ისროლეს. შედეგად, ხანძარი გაჩნდა ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე პარლამენტის შესასვლელ კართანაც.

ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო რამდენიმე საათის განმავლობაში ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე. პარლამენტის უკანა შესასვლელთან მდგარ სამართალდამცველებს აქციის მონაწილეები ქვებს, ბოთლებს, სხვადასხვა საგნებსა და პიროტექნიკას ესროდნენ. დაძაბული ვითარების გამო მალევე პოლიციელები სპეცრაზმმა და წყლის ჭავლის მანქანამ ჩაანაცვლა.

სპეციალური განცხადება გაკეთდა შსს-ში. მინისტრის მოადგილემ აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდ ვითარებაში გამოხატვისკენ მოუწოდა.

მოწოდება შსს-სგან ადგილზეც არაერთხელ გაისმა. აქციის მონაწილეებმა მუნიციპალური ინვენტარით ხელოვნური ბარიერებიც აღმართეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეების მიმართულებით უკვე წყლის ჭავლის მანქანაც დაიძრა. პროტესტანტები ისევ განაგრძობდნენ სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა საგნებისა და პიროტექნიკის სროლას, სპეცრაზმი კი მათ წყლის ჭავლს უპირისპირებდა. ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე პოლიციამ რამდენიმე აქტივისტიც დააკავა.

სპეცრაზმმა ბარიკადებისგან გზის გაწმენდა და ჭიჭინაძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა დაიწყო. ამავე პერიოდში დაიძრა თავისუფლების მოედანზე განლაგებული წყლის ჭავლის მანქანა სამართალდამცველებთან ერთად. პარლამენტის შენობის წინ კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. გამოიყენეს გაზის კაფსულებიც. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. რუსთაველის გამზირზე დაშავდა მედიის ორი წარმომადგენელიც - TV პირველის ტელეოპერატორი, გიორგი შეწირული ფეხის არეში მიყენებული დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. დაზიანება რუსთაველის გამზირზე მიიღო პირველი არხის ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემაც. მას, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში.

მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა პარლამენტის წინ აქციის დაშლა დაიწყო, დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირზე, ოპერის შენობისკენ გადაინაცვლეს. გზად ისევ ბარიკადებს აწყობდნენ და ნაგვის ყუთებს ცეცხლს უკიდებდნენ.

მალევე სპეცრაზმმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. აქციის დაშლის ღონისძიების დაწყებამდე ისევ გაისმა გამაფრთხილებელი ხმა, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებდა. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე აღმართული ხელოვნური ბარიკადები გაარღვიეს, რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი და გაზის კაფსულები. დემონსტრანტებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, იქვე განლაგდა სპეცრაზმიც. დემონსტრანტებთან ერთად იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

გამთენიისას ოპოზიციამ მხარდამჭერებთან ერთად ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. აქაც გადაკეტეს გზები და აღმართეს ბარიკადები.

 

დღის ამბები