01 დეკემბერი 2024,   16:43
ვრცლად
"ახლა ვართ ისეთ რეალობაში, სანამ ყველაფერი გაუმჯობესდება, მანამდე ყველაფერი გაუარესდება" - ზურაბ ჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, სამწუხაროა, როდესაც მთავარ პარტნიორთან ურთიერთობები ფუჭდება, თუმცა, მისი თქმით, მთავარია ბრძოლა გაგრძელდეს იმისთვის, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს.

"ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ მთავარი პარტნიორი და ქვეყანა, რომელზეც დგას ამ ქვეყნის კეთილდღეობა, იმასთან იფუჭებ ურთიერთობას. საბოლოო ჯამში, უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვართ ისეთ რეალობაში, სანამ ყველაფერი გაუმჯობესდება, მანამდე ყველაფერი გაუარესდება. ახლა ვართ გაუარესების სტადიაში, მაგრამ როცა ამ ბრძოლას მოვიგებთ, შემდეგ ძალიან სწრაფად აღვადგენთ ყველაფერს," - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეწინააღმდეგება ქართული ხალხისთვის კონსტიტუციით გარანტირებულ პირობას, რომელიც სრულ ინტეგრაციას ითვალისწინებს ევროკავშირსა და ნატოში. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობაზე და საქართველო უფრო დაუცველი გახადა კრემლის ზეწოლის მიმართ... "ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაბრუნდეს ევროატლანტიკურ გზაზე, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა დარღვევა საპარლამენტო არჩევნებში და გააუქმოს არადემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას," - წერია განცხადებაში.

 

დღის ამბები