
როგორ განვითარდა მოვლენები პროტესტის მეხუთე ღამეს - ჯერ იყო ტრადიციულად რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, შემდეგ ჭავჭავაძე და ბოლოს ყიფშიძე. დემონსტრანტები დილის საათებში სწორედ ვაკეში დაიშალნენ - აქ დაახლოებით ცხრის წუთებზე “კურიერის“ გადამღებ ჯგუფს სთხოვეს შეეწყვიტათ გადაღება, ჩვენ მათი თხოვნა გავითვალისწინეთ. იქამდე უწყვეტად ვაშუქებდით მოვლენებს.
პროტესტის მეხუთე ღამე წინა ოთხისგან განსხვავებულად დაიწყო - მომიტინგეების აგრესიულმა ნაწილმა ფეთქებადი და აალებადი, საწვავში ამოვლებული ნივთების სროლა პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე საღამოს 7 საათიდანვე დაიწყო. რა ხდებოდა ამ დროს პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე, ვიდეო პრესსამსახურმაც გაავრცელა.
საპასუხოდ სამართალდამცავებმა საკანონმდებლო ორგანოს შიდა ტერიტორიიდან წყლის ჭავლი გაუშვეს. მანამდე იყო ბრახუნი ჯებირებზე და უწყვეტ რეჟიმში ისროდნენ ბოთლებს, სხვადასხვა ნივთებს და პიროტექნიკას.
პირველი მოწოდება დაშლის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისგან დაახლოებით რვის ნახევარზე გაისმა.
განცხადება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმაც გააკეთა - ვაჟა სირაძემ აგრესიულ დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
მალევე სპეცრაზმმა პირველი საპოლიციო ღონისძიება განახორციელა. მომიტინგეებმა ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. წინა დღეების მსგავსად, ისევ ააგეს ბარიკადები. გამოიყენეს ძელსკამები, ნაგვის ურნები და სხვადასხვა ნივთები და წაუკიდეს ცეცხლი. ისევ იყენებდნენ დიდი რაოდენობით პიროტექნიკას და ამით ცდილობდნენ წყლის ჭავლის მანქანის გადაადგილების შეფერხებას და სპეცრაზმის შეკავებას.
სპეცრაზმთან შელაპარაკებისას განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ ქალები - კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთი ფეხს სამართალდამცველების ფარებს, რის შემდეგაც მას აკავებენ.
მოგვიანებით, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე ბარიკადები გაარღვია და გზა გაათავისუფლა. პროტესტის მონაწილეებმა კი რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. აქციაზე იყო ოპოზიციის ლიდერთა ნაწილიც.
აქციაზე ღამით ისევ იყო დაკავებები, რამდენიმე შემთხვევა “კურიერმა“ გადაიღო.
რუსთაველზე პროტესტი დილის დაახლოებით 7-ის ნახევარზე დასრულდა - მომიტინგეთა ნაწილმა მელიქიშვილზე გადაინაცვლა, რუსთაველზე კი ცეცხლის ლიკვიდაცია და ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო.
დიდხანს არც მელიქიშვილის გამზირზე დარჩნენ და მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს, სადაც ისევ ბარიკადები აღმართეს, ნაგვის ურნებს კი კვლავ ცეცხლი წაუკიდეს. სპეცრაზმი ჭავჭავაძის გამზირზეც გამოჩნდა, რასაც მომიტინგეების მხრიდან სამართალდამცავების მისამართით პიროტექნიკის სროლა მოჰყვა. შემდეგ იყო გამაფრთხილებელი მოწოდება და გამოიყენეს წყლის ჭავლი.
აქციის მონაწილეთა ბოლო ლოკაცია ყიფშიძის ქუჩა აღმოჩნდა, სადაც მომიტინგეებმა “რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფს გადაღების შეწყვეტა სთხოვეს, ჩვენ მათი თხოვნა გავითვალისწინეთ.
პროტესტის მეხუთე ღამის შედეგები წინა ოთხის მსგავსია - დაზიანებულია პარლამენტის შენობა, ჩამსხვრეულია ფანჯრები, მოგლეჯილია ჯებირები, საღებავებით არის მოსვრილი კედლები. დაზიანებულია სხვა ინფრასტრუქტურაც. სათვალთვალო კამერები, ნაგვის ურნები, ბოძები, ხეები და სხვა ქუჩის ინვენტარი გამოყენებულია ბარიკადებისთვის, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ცეცხლი ეკიდა.
გამთენიისას რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე მუშაობა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაიწყეს. დილიდან საავტომობილო მოძრაობა მთელი დედაქალაქის მასშტაბით აღდგა.