პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის მხრიდან ეუთო/ოდირის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპონენტებს არჩევნების მთავარი სადამკვირვებლო მისიის ეშინიათ, რადგან საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მათი მხრიდან კონკურენტულად უკვე შეფასდა.
მთავრობის მეთაური კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციამ, საკუთარი შედეგები უკვე აღიარა. რატომ არ ელოდება ოპოზიცია ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას? კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრს კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს, გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ წინასწარ დასკვნაში საერთაშორისო ორგანიზაციამ ყველაფერი მკაფიოდ თქვა.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ახლა არავის ლოდინის დრო არ არის. ოპონენტებს საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს პირველი კანონმდებელი. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რევოლუციისა და ქვეყნის საბოტაჟის ერთადერთი გონივრული ალტერნატივაა, ოპოზიცია პარტიულ საქმიანობას დაუბრუნდეს.
ეუთო/ოდირი საბოლოო დასკვნას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს. საპარლამენტო არჩევნების დღეს კი, ხმის მიცემის პროცესს ორგანიზაციის 500-ზე მეტი თანამშრომელი აკვირდებოდა.
ავტორი: იზი ბურნაძე