პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 32 მილიარდ 400 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულად ფინანსდება.
ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1,2 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. პროექტში გათვლილია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა.
"2025 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით. რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 6%-ის ოდენობით. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 3%-ს შეადგენს. საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია მიმდინარე წელს და როგორც იცით 1%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წელს ის ეტაპობრივად მიუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს. ნომინალური შიდა პროდუქტის პროგნოზი განსაზღვრულია 99 მილიარ 239 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 9 700 დოლარს აჭარბებს. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი 15,9%-ია. ზემოთ აღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში, 2025 წელს, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 32 მილიარდ 400 მილიონ ლარს", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.