სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით დაგეგმილ არეულობის სცენარზე საუბრობს, მეორე დღეა შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია თვლის, რომ უსაფრთხოების სამსახური დემონსტრანტების დაშინებას ცდილობს.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ თავად ხელისუფლება ძალადობას მოქალაქეებზე.
"ეს ემსახურება მოქალაქეების დაშინებას და ჩვენ ვიცით, სუსი სეზონურად აცხადებს რაღაც მოსალოდნელ საფრთხეების შესახებ და ისიც კი იცით, რომ სპეციალური კანონი მიიღეს, კარავი რომ არ დაიდგას. პირდაპირ გეუბნებით, თუ ვინმე არის დამნაშავე, თუ ვინმე ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, ეს არის ივანიშვილის არალეგიტიმური თვითმარქვია ხელისუფლება", - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრი, თამაზ დათუნაშვილი აცხადებს, რომ მსგავს განცხადებებს მტკიცებულებები უნდა მოჰყვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სასაცილოა.
"სასაცილოა ასეთი განცხადებები, როდესაც ამას არ მოყვება არც ერთი მტკიცებულება, როდესაც ამას არ მოჰყვება არავითარი გახსნილი საქმე. როდესაც ამას ვისმენთ ინსტიტუციისგან, რომელსაც თავისი 12 წლიანი არსებობის მანძილზე, არც ერთი რუსი ჯაშუში არ გამოუმჟღავნებია, ასეთი განცხადებები არის ჩვეულებრივი მკითხაობა", - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.
ცნობისთვის, სუს-მა ინფორმაცია გუშინ გაავრცელა, განცხადებაში საუბარია გეგმაზე, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა განხორციელდეს. ქუჩაში სიტუაცია მაქსიმალურად უნდა დაიძაბოს, რასაც უნდა მოჰყვეს მსხვერპლი. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევა არ მოხდეს, ქვეყანაში კი უმართავი პროცესები დაიწყოს.