11 დეკემბერი 2024,   15:40
ვრცლად
როცა აკნინებ საგარეო საქმეთა მინისტრს, მის როლს და ფუნქციას, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ გამოდიან ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან - ლადო ბოჟაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

სალომე ზურაბიშვილი მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს. "ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე," - ასე ეხმაურება ზურაბიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას დიპლომატებისა პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ.

"რაც არ არის ნახსენები, არის ის, რომ მე, შეხვედრა ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო, ძლიერი პროტესტით დავიწყე. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს!" - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ზურაბიშვილის ეს განცხადება "ქართულ ოცნებაში" დესტრუქციულად და ანტისახელმწიფოებრივად შეაფასეს.

"სრულიად მიუღებელი განცხადებაა. უფრო მეტიც, შეიძლება სამარცხვინო განცხადება ვუწოდოთ, იმიტომ, რომ იცით თქვენ, ქალბატონი მაკა არის დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის მიერ, მთავრობის წევრია, მას ჰქონდა უკვე არაერთი ვიზიტი და შეხვედრა და გრძელდება. აქაც, როდესაც შენ აკნინებ საგარეო საქმეთა მინისტრს, აკნინებ მის როლს და ფუნქციას, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ გამოდიან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოდიან საკუთარი ვიწრო პარტიული თუ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

საინტერესოა, ევროკავშირის ელჩებმა თუ იციან, რომ სალომე ზურაბიშვილს 17 დღე დარჩა და მართლა დე ფაქტო არის. 29 დეკემბრიდან საქართველოს ეყოლება სხვა პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილი აღარც დე იურედ და აღარ დე ფაქტოდ საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.

დღის ამბები