"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრის, თამაზ დათუნაშვილის თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინის მარიონეტია და უნგრეთის ხელისუფლება ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა.
მისი განმარტებით, ორბანის და ფიცოსნაირი მოფაშისტო, პუტინის მარიონეტი ელემენტები იმუშავებენ საქართველოს ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
"ყველა ჩვენი პარტნიორი და ყველა საქართველოს მოქალაქეების კეთილმოსურნე იმუშავებს იმაზე, რომ ხელისუფლებაზე წნეხი გაიზარდოს, რომელიც აწამებს თავის მოქალაქეებს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის პუტინის მარიონეტი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია ევროკავშირის, რომ ბორანი ახორციელებს დიქტატორულ რეჟიმს ევროკავშირის შიგნით. მაგრამ რა ვქნათ, ეგეთია მოცემულობა. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ მოცემულობას, რომ ორბანის და ფიცოსნაირი მოფაშისტო, პუტინის მარიონეტი ელემენტები იმუშავებენ საქართველოს ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, ბუდაპეშტში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, პიტერ სიიარტომ თქვა, რომ უნგრეთმა ბრიუსელისგან მიიღო წინადადება, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესონ. მისივე განცხადებით, ბუდაპეშტი ამ მოთხოვნას ვეტოს დაადებს. სიიარტოს თქმით, უნგრეთი წინააღმდეგია, საქართველოს ოფიციალური პირები სასანქციო სიაში მოხვდნენ.