თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. ბუდაპეშტში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, პიტერ სიიარტომ თქვა, რომ უნგრეთმა ბრიუსელისგან მიიღო წინადადება, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.
მისივე განცხადებით, ბუდაპეშტი ამ მოთხოვნას ვეტოს დაადებს. სიიარტოს თქმით, უნგრეთი წინააღმდეგია, საქართველოს ოფიციალური პირები სასანქციო სიაში მოხვდნენ.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, უნგრეთის გარდა, ევროკავშირის სხვა დანარჩენი ქვეყნები ინდივიდუალურ სანქციებს განიხილავენ.
"უნგრეთის მხრიდან სანქციების თემაზე უკრაინასთან მიმართებაშიც გვახსოვს ის ვაჭრობა, რომელიც საბოლოო ჯამში უკრაინის გამარჯვებით დასრულდა. რაც არ უნდა თქვას დღეს მაკა ბოჭორიშვილმა, ფაქტი არის ერთი - ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან ერთ-ერთი არის უნგრეთი, რომელსაც აქვს უკანონო ხელისუფლების აღიარება. სხვა დანარჩენი განიხილავს ინდივიდუალურ სანქციებს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
"გირჩი-მეტი თავისუფლების" თავმჯდომარის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, შესაძლოა უნგრეთი დარჩეს მარტო და დანარჩენი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურად გააკეთონ ის, რაც გააკეთეს პარტიის წევრმა ქვეყნებმა.
"მექანიზმი, რომელსაც სჭირდება კონსენსუსი, უნგრეთი ცდილობს ამ მექანიზმის შეჩერებას. მაგრამ, ჩვენ ვნახეთ, რომ ბალტიის ქვეყნებმა "დაიკიდეს" ეს მექანიზმი და ცალკე შემოიღეს, რაც მაგალითია სხვა ქვეყნებისთვის. შეიძლება უნგრეთი დარჩეს მარტო და დანარჩენი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურად გააკეთონ ის, რაც გააკეთეს პარტიის წევრმა ქვეყნებმა", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.