"ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის თაობაზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ემანუელ მაკრონმა, საუბრისას, დაკავებულების გათავისუფლების საკითხი დააყენა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება.
"საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს.
ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.