11 დეკემბერი 2024,   23:27
ვრცლად
ეკონომიკური წნეხი, რომელიც ქაოსს გამოიწვევს - გახარიას ორფაზიანი პროგნოზი

ეკონომიკური წნეხი, რომელიც ქაოსს გამოიწვევს - ასეთია გიორგი გახარიას პროგნოზი, რომელმაც ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა უნდა აიძულოს. ექს-პრემიერმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ოპოზიციის სამოქმედო ფაზებზე ისაუბრა. გახარიას თქმით, სანქციების დაწესება ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა მოასწრონ, მეორე ფაზამ კი ქვეყნის ეკონომიკაზე წნეხი უნდა გააძლიეროს. ლიდერის პოზიციას იზიარებენ პარტია "საქართველოსთვის" წევრებიც. თუმცა, რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკურ ბლოკადას მოქალაქეებისთვის, ამაზე დეტალურად საუბარ არ სურთ.

ოპონენტების მორიგ თვითლუსტრაციაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის აზრით, ოპოზიციას ძალადობრივი გადატრიალების გეგმა ჩაუვარდა, შესაბამისად გახარია მორიგ ანტისახელმწიფოებრივ ტაქტიკას ასაჯაროებს, რომელიც საფუძველშივე წარუმატებლობისთვის არის განწირული.

გახარიას მოსაზრებას იზიარებენ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებში. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური იზოლაცია უკვე დაწყებულია, რაც, მათი თქმით, საერთაშორისო ინვესტიციების შემცირებაში გამოიხატება. ოპონენტების აზრით, მსგავსი წნეხი ხელისუფლებასა და სახელმწიფოს არახელსაყრელ პირობებში აყენებს.

ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და ღალატი - საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ გიორგი გახარიასგან მსგავსი ქმედება არ უკვირთ. კანონმდებლები ეკონომიკური იზოლაციის მოთხოვნის მიღმა, საკუთარი ხალხის დასჯის სურვილს ხედავენ. ამბობენ, რომ ოპოზიცია, წლებია, ცდილობს, ქვეყანა ტურბულენტურ რეჟიმში აცხოვროს.

საპროტესტო აქციების ლოგიკურ შედეგამდე მისაყვანად, გახარია კოლეგებს გეგმას სთავაზობს - სანქციები და ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც ოპოზიციამ თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციის შესვლამდე უნდა მოიპოვოს.

დღის ამბები