11 დეკემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ბალტიისპირელი ევროდეპუტატების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ პაველ ჰერჩინსკის აქებდა, დღეს მას მაკა ბოჭორიშვილისთვის ხელის ჩამორთმევისთვის აკრიტიკებს

საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის ელჩის შეხვედრა ისევ კრიტიკის საგანია. პაველ ჰერჩინსკის დიპლომატიური ჟესტი, ევროპარლამენტარების ნაწილის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა დაუწუნა. საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში პოსტი ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა და თქვა, რომ დიპლომატებთან საუბარი სწორედ ამ ფაქტის გაპროტესტებით დაიწყო, რაც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ მოხვდა.

სალომე ზურაბიშვილამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გამო, პაველ ჰერჩინსკის გადაწყვეტილება ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა, ევროპარლამენტარების ნაწილმა გააპროტესტა. წერდნენ, რომ ჰერჩინსკი ევროკავშირს არ წარმოადგენდა და ბოჭორიშვილთან შეხვედრა სირცხვილი იყო. ამ კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის ჩართვა მმართველ პარტიაში არ უკვირთ.

სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთიდან კონკრეტული ძალები დიპლომატზე ზეწოლას ცდილობენ. ოპოზიციის ნაწილისთვის მნიშვნელოვანი არა ერთი კონკრეტული ელჩის პოზიცია, არამედ ზოგადად ევროკავშირის დამოკიდებულებაა. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ პაველ ჰერჩინსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით, შეცდომა დაუშვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპონენტებს მიმარტავს და ურჩევს უარი თქვან ევროკავშირის ელჩის ბულინგზე. მამუკა მდინარაძის თქმით, ლეგიტიმაცია არსებულ ხელისუფლებას ხალხმა მისცა და ელჩის შეხვედრა ამ ნაწილში გადამწყვეტი ვერ იქნებოდა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმითვე, მძიმე მდგომარეობაშია სალომე ზურაბიშვილიც, რადგან მას ამ საკითხშიც ოპოზიციის ინტერესების გატარება უწევს. პაველ ჰერჩინსკი ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს 9 დეკემბერს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, არაერთ საკითხთან ერთად, წამყვანი თემები საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო.

დღის ამბები