"საქართველოს კონსტიტუციის გარეთ, მოდი ახლა, დამატებითი რაღაცები შევქმნათ, როგორც ეს იყო შარლ მიშელის დროს, რომელმაც არ იმუშავა, ეს აღარ მოხდება" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კითხვას - განიხილავს თუ არა ხელისუფლება რაიმე პირობით ოპოზიციასთან დიალოგს.
ქადაგიშვილის თქმით, პოლიტიკურ პროცესებში მთავარი განმსაზღვრელი კონსტიტუცია იქნება.
"ჩვენ ერთი რამე ვთქვით, რომ დიალოგის და, საერთოდ, ჩვენი პოლიტიკური ქმედების არეალი და სივრცე უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია. ანუ, საქართველოს კონსტიტუციის გარეთ, მოდი ახლა, დამატებითი რაღაცები შევქმნათ, როგორც ეს იყო შარლ მიშელის დროს, რომელმაც არ იმუშავა, ეს აღარ მოხდება. საქართველოს კონსტიტუცია არის ის სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველას, ჩაეტიოს ამ საკონსტიტუციო ჩარჩოში და დემოკრატია აქ უზრუნველყოფილი იქნება.
ამიტომ, ყოველ ჯერზე, - არჩევნების შედეგი არ მაკმაყოფილებს და ცოტა ხანი, აგერ, რუსთაველზე ცეცხლს გავაჩენ, აჟიოტაჟს შევქმნი, უცხოეთში ამაზე დაწერენ და უცხოელი დაინტერესებული ადამიანები ამის გამო ტაშს დამიკრავენ და ახალი არჩევნები ვატაროთ, სანამ ჩემი შედეგი არ დადგება, ასე ქვეყანა და დემოკრატია არ ვითარდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.