უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2008 წელს აგვისტოში, ომის დროს, დავით კეზერაშვილი ბრილიანტების კოლექციას აგროვებდა.
"იმ პირობებში, როდესაც ჯარისკაცები, ოფიცრები, ჩვენი ბიჭები არათუ მარტო იღუპებოდნენ, არამედ მათი ცხედრებიც არ იყო გამოტანილი ბრძოლის ველიდან, ამ დროს კეზერაშვილი იყო ერთ-ერთი უმდიდრესი პიროვნება მთელს მსოფლიოში და ამ რესურსით სარგებლობდა, რომელიც მას მოუტანა სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვამ. ჩვენ ყველაფერი არ ვიცით ბოროტების იმ მასშტაბის შესახებ, რომელიც საქართველოში ტრიალებდა ომამდე და ომის შემდეგაც, როდესაც სახელმწიფოს მართავდა ეს ბოროტი ძალა სააკაშვილის ხელმძღვანელობით", - განაცხადა ვოლსკიმ.
"ქრონიკის" ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს. ათეულობით ძვირადღირებული ბრილიანტიდან ერთ-ერთი კი კეზერაშვილს 2008 წლის ომის მიმდინარეობისას, 12 აგვისტოს აქვს შეძენილი.