ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 20 მოქალაქეს. მათ შორის არიან მინისტრები, დეპუტატები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები და კერძო მოქალაქეები.
განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
"შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციის მოღვაწეების მიმართ. მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, სავიზო შეზღუდვებს დაექვემდებარებიან", - ნათქვამია ტექსტში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ვადის ამოწურვამდე ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებს მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო და ეს ძალიან დამაფიქრებელია.
"მინდა გამოვეხმაურო დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამატებითი სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. პირველ ყოვლისა, ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო. მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია.
მეორე – პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები. როგორც ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. არ შეიძლება, დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთ რამეს ნიშნავდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში – სხვას.
და მესამე – ამერიკის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის ბოლო წლებშიც, როდესაც ადამიანების წამებამ განსაკუთრებით სასტიკი სახე მიიღო, ფაქტობრივად, განადგურდა თავისუფალი მედია და ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო სისტემის ნაწილად იქცა. ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი არამცთუ სანქცია, არამედ მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი მაშინდელი ადმინისტრაციისგან, რომელიც დღესაც გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და როგორც ვთქვი, წარმავალი ადმინისტრაცია.
ამ ფაქტორების გამო, ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.