ხვალ პარლამენტში ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. წელს პირველად, არჩევნები ახალი სისტემით, ამერიკული მოდელით ტარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია. პროცესს ადმინისტრირებას ცესკო გაუწევს.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 14 დეკემბერს გასამართ პრეზიდენტის არჩევნების პროცედურებს განამარტავს.
"პირველად ჩვენს ისტორიაში, პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება არაპირდაპირი გზით, რაც დაახლოებით ჰგავს პრეზიდენტის არჩევის ამერიკულ, გერმანულ წესს, როდესაც საარჩევნო კოლეგია ირჩევს პრეზიდენტს. საარჩევნო კოლეგია შედგება 300 წევრისგან, რომლისგანაც 150 არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო დანარჩენი 150 კომპლექტდება შემდეგი პრინციპით: აჭარის უმაღლესი საბჭოს 21-ვე წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან წარმომადგენლები, რომლებიც წინა არჩევნების შედეგების პროპორციულად არის გადანაწილებული. ამ 300 წევრისგან დღეის მოცემულობით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 211 წევრი; 20 წევრი ჰყავს პარტია „ახალს“; 20 წევრი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“; 15 წევრი ჰყავს „ლელოს“, 14 წევრი ჰყავს გახარიას პარტიას; 20 წევრი არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან, ვინაიდან არჩევნები არ ტარდება, იქ პარტიული კუთვნილება არ არსებობს. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოლეგიაში 300 წევრიდან ჰყავს 211 წევრი, ხოლო ოპოზიციას ჯამურად ჰყავს 69 წევრი. 300 წევრიდან 109 წევრი არის საკრებულოებიდან, რომლებიც ცესკო-ს მხრიდან კვოტების შესაბამისად გადანაწილდა -109 წევრიდან 54 იყო „ქართული ოცნების“, 55 იყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის, რომლებმაც არ აითვისეს ეს კვოტები და არ წარმოადგინეს საკუთარი წარმომადგენლები საკრებულოებიდან. ამიტომ, კანონმდებლობის შესაბამისად, ეს კვოტები გადანაწილდა სხვა პარტიაზე და „ქართულმა ოცნებამ“ აითვისა ეს კვოტები. ხვალინდელ არჩევნებში საარჩევნო კოლეგიის 69 წევრი არის ოპოზიციიდან, მათ შორის საქართველოს პარლამენტის არჩეული ოპოზიციური წევრები.
რაც შეეხება პროცედურას, არჩევნები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, 5 საათის განმავლობაში იქნება. არჩევნებს ჩაატარებს ცესკო. სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი და მთლიანად ცესკო წარმართავს ამ პროცესს. დელეგატები მისცემენ ხმას. კენჭისყრა არის ღია და სახელობითი, არ არის ფარული. 14:00 საათზე დასრულდება არჩევნები. შემდე უკვე ცესკო სხდომას ჩაატარებს, რომელიც ასევე საჯაროდ გადაიცემა. ეს პროცესი იქნება ტრანსლირებული. ცესკოს სხდომაზე დაითვლება შედეგები და გამოცხადდება საბოლოო შედეგი. ხვალ მედიისთვისაც იქნება სპეციალური რეჟიმი. ხვალ იქნება სპეციალური აკრედიტაცია მედიაზე. ამიტომ ყველა მედიას, მათ შორის უცხოურ მედიასაც, ვისაც აქვს ინტერესი დააკვირდეს პროცესს, ვთხოვ აპარატთან ჰქონდეს კომუნიკაცია ხვალისთვის სპეციალური საშვების მისაღებად. არ იმოქმედებს წლიური აკრედიტაცია, იქნება სპეციალური აკრედიტაცია," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილმა"ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ კანდიდატთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
"მიხეილ ყაველაშვილის ამოცანა ზუსტად ეს იქნება, რომ, ერთი მხრივ, ქართველ ხალხს აჩვენოს, რას ნიშნავს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში, რას ნიშნავს, იყო იმ პოზიციის წარმომადგენელი, რომელიც, ერთი მხრივ, არის სახელმწიფოს მეთაურის სტატუსის მქონე, მაგრამ, მეორე მხრივ, არ არის ქვეყნის მმართველი. აი, ეს იყო ის ცდუნება, რომელსაც ვერც ერთმა წინა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო და ყველამ მოინდომა, ის მაღალი სტატუსი, რომელსაც კონსტიტუცია მას ანიჭებს, გადაექცია სახელისუფლებო ბერკეტად, რომელიც ქართველ ხალხს არ მიუნიჭებია. ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა – პრეზიდენტის ინსტიტუტის ნამდვილი მხარის ჩვენება, რას ნიშნავს საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტად ყოფნა. მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომლის მიმართაც არ არსებობს ერთი კითხვაც კი მის პატრიოტულობასთან დაკავშირებით. თანამედროვე სამყაროში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.