ხვალ, პრეზიდენტის არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. ოპოზიცია პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილის არჩევა "მორიგი არალეგიტიმური აქტი" იქნება.
მათივე თქმით, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი არის მოქმედი პრეზიდენტი.
"ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი არის პრეზიდენტი. არ ვიცი, ვინ სად იქნება და ვინ სად იჯდება, მე ვიცი ის, რომ მე ვიქნები ხალხთან ერთად, მაშინ, როდესაც გავაპროტესტებთ მორიგ უკანონობას და მორიგ არალეგიტიმურ აქტს - არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევას. ეს არის ის გეგმა, რომელიც იქნება ხვალ. ჩვენ არაფრის ორგანიზატორები არ ვართ, ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად," - აღნიშნა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ.
"ვიქნებით იქ, სადაც იქნება ქართველი ხალხი. ვერ გეტყვით, რა იქნება ზუსტად, მე ერთი ვიცი, რომ ის საარჩევნო კოლეგია, რომელმაც ყაველაშვილი უნდა აირჩიოს, არის მოღუნული, არასრულფასოვანი და არალეგიტიმური. შესაბამისად, ყაველაშვილი ვერ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი," - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა.
ხვალ პარლამენტში ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. წელს პირველად, არჩევნები ახალი სისტემით, ამერიკული მოდელით ტარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია. პროცესს ადმინისტრირებას ცესკო გაუწევს. ახალი პრეზიდენტის პოსტზე ქართულმა ოცნებამ მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ცნობილია ინაუგურაციის თარიღიც, რომელიც 29 დეკემბერს გაიმართება.