პარტიის "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდზე სანქციები არ მოქმედებს, რადგან ახლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.
მისი განმარტებით, თუ აშშ მას სანქციებს დაუწესებს, ამას როგორც ჯილდოს ისე მიიღებს.
"მაშინ, როდესაც ჩვენი მხრიდან მხოლოდ პარტნიორული დამოკიდებულება და მშვიდობის შენარჩუნების სურვილია, მაშინ როდესაც ჩვენი სამხედროები სიცოცხლეს სწირავენ მსოფლიო მშვიდობისთვის ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ და შენ სანქციებით მებრძვი, რა თქმა უნდა, ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება. რაც შეეხება იმას, დაშინება მოხდება თუ არა, რამდენჯერ უნდა გამოუშვან ეს სანქციები და რამდენჯერ უნდა თქვან, რომ სანქციები ექნება საქართველოს ამა თუ იმ თანამდებობის პირს. არ მოქმედებს ჩვენზე ეს სანქციები, რადგან ახლა მიდის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის პირადად მეც, თუ ამ სანქციას გამომიგზავნიან საშობაოდ, მივიღებ როგორც ჯილდოს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 20 მოქალაქეს. მათ შორის არიან მინისტრები, დეპუტატები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები და კერძო მოქალაქეები.