საფრანგეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რჩება საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერად. ემანუელ მაკრონი შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
მან საქართველოს შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მაკრონმა თქვა, რომ რუსეთი ზრდის თავდასხმებსა და გავლენებს არჩევნებზე თითქმის ყველგან ევროპაში. ამ კონტექსტში მან ახსენა მოლდოვა და საქართველო.
"საქართველო გახდა მკაფიო თავდასხმის, მანიპულაციების მსხვერპლი. მე მინდა, გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიის დამცველებისადმი და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გვაქვს ახალგაზრდების რეპრესიებისადმი, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებებისადმი და, არსებითად, ევროპული გზის ღალატისადმი, რაც არჩევნების შემდეგ, მაშინვე მოხდა და ფუნდამენტურად, სრულად ეწინააღმდეგება იმას, რაც უთხრეს ამომრჩევლებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.