13 დეკემბერი 2024,   17:39
ვრცლად
კახა კალაძე ოპოზიციურ მედიას: მე არ მახსოვს და არც გამიგია, ერთხელ მაინც დაგეგმოთ მსგავსი ძალადობა, როდესაც ერთ-ერთი აქციის მონაწილე ცოცხლად წვავდა პოლიციელებს, როდესაც მდინარაძეს თავს დაესხა ელისაშვილი

"ის ფაქტი, რაც ვიხილეთ ჩვენ ჟურნალისტებთან მიმართებით, არის ძალიან ცუდი. არ შეიძლება ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს მოეწონოს ასეთი ქმედება. ისევე, როგორც არ არის მოსაწონი, რომ პოლიციელებს, რომლებიც იცავენ წესრიგს და არავის ხელს არ უშლიან, მათთან მიდის ადამიანების ჯგუფი და აყენებს შეურაცხყოფას", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას აქციების მიმდინარეობისას ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე ჰკითხეს.

თბილისის მერის თქმით, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა, მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმ მედიებსა და მათ კონკრეტულ წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი დამოკიდებულებებით ძალადობას კი არ გმობენ, არამედ პირიქით, ყოველთვის ახალისებენ.

"ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ იცით, ეს რისი ბრალია? თქვენისთანა ადამიანების, ვისაც ერთხელ არ დაგიგმიათ ასეთი ძალადობა. მე არ მახსოვს და გამიგია, რომ ერთხელ მაინც დაგეგმოთ მსგავსი ძალადობა. მაგალითისთვის მოვიყვან, როდესაც ერთ-ერთი აქციის მონაწილე ცოცხლად წვავდა პოლიციელებს, რომელსაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. იმის მაგივრად, რომ გავერთიანებულიყავით, ხელისუფლება და ოპოზიცია და ერთად დაგვეგმო, პირიქით, ახალისებდით და არ დაგიგმიათ არცერთხელ, ხელს უწყოდით ძალადობას. შემდეგ რა გააკეთეთ? იმის მაგივრად, რომ დაგეგმოთ, გქონდათ მცდელობა, გმირად შეგერაცხათ. პრეზიდენტი გამოვიდა და ასეთი ადამიანი შეიწყალა.

პრეზიდენტმა ეს გაამართლა იმით, რომ ახალგაზრდა კაცს ციხისთვის ხომ არ გავიმეტებდიო. მაშინ როცა უამრავი ახალგაზრდა იხდის სასჯელს გაცილებით უფრო მსუბუქი დანაშაულისთვის. მაშინ ადექი და ის ადამიანები შეიწყალე. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი, რომ გმირად გამოგეყვანათ დამნაშავე.
როდესაც მდინარაძეს თავს დაესხა ელისაშვილი, ერთხელ არ დაგიგმიათ. დღეს როდესაც საუბრობთ ძალადობის დაგმობაზე, ეს არის ფარისევლობა. თქვენგან განსხვავებით, მე ყოველთვის ვგმობდი, თქვენ კი ახალისებდით და ხელს უწყობდით ამ ყველაფერს", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები