"ხალხის ძალა" საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და პარლამენტში ცალკე პოლიტიკურ ჯგუფად ჩამოყალიბდება. განცხადება ცოტა ხნის წინ, საკანონმდებლო ორგანოში გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მისი თქმით პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში იქნება.
"საქართველოში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, ოპოზიციის როლი, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ედებატოს ხელისუფლებას, წინსვლისთვის აკრიტიკოს ხელისუფლება.
ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია შევარქვით ოპოზიციას, მაგრამ ამანაც არ უშველა. შესაბამისად, ჩვენ საქართველოში დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ, სამწუხაროდ, გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული რადიკალური ოპოზიცია.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიამ "ხალხის ძალამ" გადავწყვიტეთ, რომ დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას. ჩვენ დავანახეთ საზოგადოებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც აქვთ, სამწუხაროდ, დავიწყებული, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, როგორი უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია, არაა ხელისუფლებაში, მაგრამ უნდა იღვაწოს საქართველოს ინტერესებისთვის," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.