
სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ იწყებენ დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას. ისინი მიმართავენ სავარაუდო ძალადობის მსხვერპლთ, მიაწოდონ მტკიცებულებები.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, მტკიცებულებებს გამოიყენებენ როგორც დარღვევების მასშტაბის შესასწავლად, ასევე, გაეროსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავნად.
"მივმართავთ ყველა მსხვერპლს - ჩვენ ვართ თქვენ გვერდით. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და თქვენი ვინაობა იქნება კონფიდენციალურად დამუშავებული თქვენი თანხმობის სრული გათვალისწინებით.
ეს მტკიცებულებები დაზარალებულების ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიზნით: დარღვევების მასშტაბის შესწავლა და პოტენციურად საქმეების მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავნად, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის მისამართად და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვისთვის," - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.