თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმაზე, რომ ეკლესიაში მიუვარდნენ და "ქვეყნის მოღალატე" უწოდეს.
"ამ წუთს ტაძარში ვიყავი, ნათლობა უნდა დამეწყო, ჯგუფმა ჩამოიარა, მოგვივარდნენ ტაძარში და დამიწყეს ყვირილი, მოღალატეებო, გამოდით, ეკლესიის მტრებო გამოდით, ქვეყნის მტრებო გამოდითო. ქვეყნის მოღალატეს მეძახიან მე - რატომ? რა გავაკეთე ისეთი?
კომუნისტების დროს იყო ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ეკლესიებიდან გამოყვანა, დახვრეტა - ზუსტად ეს იყო, ქუჩაში დადგნენ ტაძრის წინ და იძახიან, მოღალატე გამოდიო. "მშვიდობიანი პროტესტი", "მშვიდობიანი აქცია" - ტაძარში გივარდებიან, გიყვირიან და გეუბნებიან - გამოდი გარეთ შე მოღალატე, შე ქვეყნის მტერო.. რა არ მესმის იცით? ამით რას აღწევთ? ეკლესიის გმობით, პატრიარქის გინებით - ტელევიზიების ეთერში რომ პატრიარქს აგინებდნენ, ლანძღავდნენ - არასდროს არავის ხმა არასდროს არ ამოუღია.
იმ კუბოს დაწვას რომ ამართლებს ზოგიერთი მღვდელი, პირდაპირ წერია იმ ჩინურ საიტზე, რომ ეს კუბო არის იესო ქრისტეს გამოსახულებით. აქ იმაზე კი არაა, ზოგიერთი მღვდელი რომ ყვება, ხარტი ნაკურთხი უნდა იყოსო და ა.შ. აქ ხომ შეგნებული დამოკიდებულება იყო?! მე არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად მოქმედებდნენ. მე აღვნიშნე, რომ თუ ადამიანებმა ეს შეგნებულად გააკეთეს, ეს არის მტრობა, სხვა კი არაფერი არაა.
ამდენი წელია ეკლესიას გვლანძღავენ, გვაგინებენ, ქვეყნის მტრებს გვეძახიან, რუსოფილებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან. ერთადერთი, ვინც წინააღმდეგი იყო რუსეთის ეკლესიის და რუსეთის პოლიტიკის, მე ვიყავი ყოველთვის. რას ნიშნავს რუსოფილი? რუსოფილები ხართ თქვენ, ვინც ამას მეუბნებით და რუსული ნარატივები გაქვთ თქვენ, ვინც ამას ლაპარაკობთ.
ევროპა ეს არ არის - ევროპა არ არის ძალადობა, მივარდნა და ადამიანის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ წასვლა, თუ ადამიანი არ გეთანხმება, ამის გამო არ შეიძლება ის ჩაქოლო და გაანადგურო. არ შეიძლება - დედმამიშვილები ერთმანეთს კარგავენ იმის გამო, რომ მეორე ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს - ეს არის ევროპულობა? რად გვინდა ასეთი რამე, თუ ადამიანს განსხვავებული აზრის გამო კლავ და თუ შენს აზრს არ ეთანხმება, ამიტომ მტერია ქვეყნის?! რას ნიშნავს ეკლესიაში მოვარდნები?! მაშინ აღარ გაგვაჩეროთ ეკლესიაში. მოდით, ეკლესიაში მივუვარდეთ მამამ შალვას, მოდი გამოვათრიოთ ტაძრიდანო - არავის არ გაუპროტესტებია.
მე ახლა ჩემს მრევლს მივმართავ, ვინც მეუბნებით, რომ მშვიდობიანი აქციებია, იცით მამაო, როგორი გართობა და სიხარულია, ზოგიერთი ამ ფეიერვერკის სროლას რომ ამართლებთ და ა.შ. მე პოლიციის [საქციელსაც] ვგმობ, საშინელებაა, როდესაც ახალგაზრდებს სცემენ, იჭერენ და ციხეებში სვამენ, რომ დაიჭერ ადამიანს და რომ ურტყამ პოლიციელი - ამაზე საშინელება რა შეიძლება იყოს? როგორ შეიძლება, ადამიანი თუ დაიჭირე, მერე იმას ურტყა. ამაზე მწარე ხომ არაფერი არაა, მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ეკლესიებში უნდა მოგვივარდეთ ასე? შემოგვივარდით, გამოგვყარეთ ეკლესიებიდან და დაგვხოცეთ მაშინ.
მთელი ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ და მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი იმათგან განსხვავებით, მღვდლებს რომ აყვედრიან რაღაცებს. 80 000-იანი ხელფასები აქვთ, გაჭირვებულებზე ლაპარაკობენ და მათ ოპერატორს 1200 ლარი აქვს ხელფასი. შენ ზრუნავ ქვეყანაზე, შენ გინდა ქვეყანაზე იზრუნო?! ეს ხალხი ზრუნავს ქვეყანაზე?! მოვიდნენ და ის ხალხი, ჩემთან რომ დადიან გაჭირვებულები, მათ გაუგზავნონ ამხელა ხელფასები და დაეხმარონ იმ ხალხს. დამტკბრები არიან თავიანთ ქონებაში და ხალხს იყენებენ, მართლა უნამუსოები და მართლა ქვეყნის გამყიდველები. არანაირი ღირსება ამათ არ გააჩნიათ.
მე ვარ ქართველი, ამ ქვეყნის შვილი და არასოდეს ჩემს სულში, ჩემს გულში ქვეყნის სიყვარულის გარდა არაფერი არ ყოფილა. დაელაპარაკეთ იმათ, ვისაც ქვეყანა მართლა არ უყვარს და ვისთვისაც ქვეყანა საშოვარია; ვისაც ქვეყანა კი არ უნდა, არამედ უნდა, რომ ქვეყანა მოემსახუროს. ყველას ეხება ეს - მთავრობას, ოპოზიციას, პოზიციას - ყველას გეხებათ, ვისაც ქვეყანა პირადი სარგებლობისთვის გაქვთ.
მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და მასზე ვდარდობ. ჩემს ქვეყანაზე ძვირფასი არავინ არ არის, არავინ დედამიწის ზურგზე, მე არ ვიქნები არავის მონა და ასე ვერ დამელაპარაკები, მე ქართველი ვარ, ჩემი ქვეყნის შვილი ვარ, ჩემი შეცდომებით, ჩემი ცხოვრებით და ჩემი ყველაფრით," - აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.