სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია საქართველოს ხელისუფლებას - ეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომელსაც ქართული სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიუსელს უგზავნიან. 16 ორგანიზაციის სახელით, კაია კალასისთვის გაგზავნილ წერილში მოთხოვნების 4 პუნქტია, მათ შორის არის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაღიარება.
ევროკავშირში გაგზავნილ წერილს, სოციალურ ქსელ X-ზე "რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. წერს, რომ ქართულმა ორგანიზაციებმა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს და სხვა ქვეყნების მინისტრებს 16 დეკემბერს ჩანიშნულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე სიტყვით გამოსვლაც სთხოვეს. მოთხოვნების 4 პუნქტი მოსამართლეების და პროკურორების დასანქცირებასაც ითვალისწინებს.
ბრიუსელში გაგზავნილ დოკუმენტზე ხელმომწერთა სიაში სერგი კაპანაძე, თორნიკე გორდაძე, ეკა ტყეშელაშვილი, გიორგი კანდელაკი, თემურ იაკობაშვილი და შოთა უტიაშვილიც არიან. კურიერი რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა, თუმცა მათ საუბარი არ ისურვეს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სანქციები მათ მთავარი მიზნის მიღწევაში დაეხმარება.
მმართველ გუნდის შეფასებით კი, ეს წერილი იმის დასტურია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფილი წევრები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას არ წყვეტენ.
რა პასუხს მიიღებენ ბრიუსელში გაგზავნილი წერილის ავტორები, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 16 დეკემბერს გაირკვევა, მიეცემათ თუ არა დოკუმენტზე ხელმომწერებს უფლება საქართველოს ხელისუფლების დასანქცირება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ მოითხოვონ.