განსხვავებული მოდელით და პირველად საქართველოს ისტორიაში, საარჩევნო კოლეგიამ მე-6 პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩია. საკანონმდებლო ორგანოში გამართულ პროცესში, კოლეგიის 300 დელეგატიდან, 225 მონაწილეობდა. აქედან 224 ხმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო.
არჩევნების პროცესი, დილით, 9 საათზე დაიწყო და შუადღის 2 საათამდე, 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და საკრებულოების წევრებს, ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნებში მონაწილეობის წესი განუმარტა
კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, სარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა ბიულეტენების დათვლა და შემაჯამებელი ოქმის შედგენა დაიწყეს. სწორედ აქ გაირკვა, რომ გამოყენებული 225 ბიულეტენიდან ერთი ბათილია და ის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრს, ადა მარშანიას ეკუთვნის. ადა მარშანიამ მმართველი გუნდის კანდიდატს მხარი არ დაუჭირა და საკუთარი პროტესტი სარჩევნო ყუთში გამოუყენებელი ბიულეტენის ჩაგდებით გამოხატა.
ღირსეული კანდიდატი - ასე აფასებენ მიხეილ ყაველაშვილს მმართველი გუნდის ლიდერები. არჩეული პრეზიდენტის უკვე ყოფილი კოლეგები ფიქრობენ, რომ ყაველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას, სრულყოფილად შეასრულებს.
მმართველი გუნდის ოპონენტები პროცესს არალეგიტიმურად აფასებენ. ოპოზიციამ საარჩევნო კოლეგიაში საკუთარი კვოტების გამოყენებაზე უარი თქვა და შესაბამისად, ახალი პრეზიდენტი მათი მონაწილეობის გარეშე აირჩიეს.
მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ ამბობს, რომ ყოფილი დეპუტატის არჩევა პრეზიდენტის თანამდებობაზე, განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში.
საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.