15 დეკემბერი 2024,   00:29
ვრცლად
მოწოდება საფრანგეთიდან და დიალოგი, რომელზეც პასუხისმგებლობას მაკრონი ყველა ქართველს აკისრებს - რას ამბობენ მაკრონის განცხადებაზე პოლიტიკოსები

პარლამენტის თავმჯდომარე დიალოგისთვის სივრცედ მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს განიხილავს, შესაბამისად, შალვა პაპუაშვილი 4 ბარიერგადალახულ ოპოზიციას მოუწოდებს აღიარონ არჩევნების შედეგები და პოლიტიკური პროცესები ქუჩის ნაცვლად, პარლამენტში გადმოიტანონ. იგივე მოწოდების გაჟღერებას პირველი კანონმდებელი დასავლელ პარტნიორებსაც ურჩევს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ქართველი ხალხისთვის ქართული ტიტრებით, თითქმის 4 წუთიანი ვიდეო-მიმართვა გვიან ღამით სოციალური ქსელში გაავრცელა. ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ კონსტიტუციაში საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესახებ ჩანაწერზე და დიალოგის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რომელიც პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის უნდა შედგეს. საფრანგეთის პრეზიდენტი თვლის, რომ დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა.

ხელისუფლების ოპონენტები დიალოგს მხოლოდ 2 საკითხზე განიხილავენ - ეს არის ხელახალი არჩევნები და დაკავებული პირების გათავისუფლება. ბარიერგადალახულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ სხვა თემებზე საუბარს არ აპირებენ.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დიალოგი იმაზე, რაც ისედაც უკვე დადგენილი და გადაწყვეტილია არასერიოზულია. მათი თქმით, არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიარა, შესაბამისად ოპოზიციის მოთხოვნა არალოგიკურია.

ემანუელ მაკრონის ვიდეო-მიმართვის შესახებ, ჟურნალისტების შეკითხვებს დღეს საქართველოს პრემიერ - მინისტრმა უპასუხა. ირაკლი კობახიძემ საზოგადოებასთან დიალოგისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა.

ემანუელ მაკრონის ვიდეო-მიმართვა გუშინ გვიან ღამით გავრცელდა, ამ მიმართვას რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო კომუნიკაცია უძღოდა. ზარის ინიციატორი ემანუელ მაკრონი იყო, საუბარი 1 საათს გაგრძელდა და საფრანგეთის პრეზიდენტმა მაშინაც დიალოგის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

დღის ამბები